წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა დადგენილებას მიიღებს
ჩვენი პასუხი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩატარდა და შეფასდა, როგორც უმაღლესი სტანდარტის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზეც სწორედ ეს ამოცანა აქვს.
„რაც შეეხება კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია, ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს განწყობებსა და მიდგომებს, დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზე. ეს დადგენილება და პრინციპები, რომელიც გაწერილია მასში, ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების ამ ნაბიჯს ძალიან დადებითად შეაფასებენ.