წინასაარჩევნო ეთერის მონიტორინგის შესახებ პირველი არხის მენეჯმენტი დღეს პრესკონფერენციას გამართავს
არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებით ანგარიშვალდებულად თვლის თავს, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით, ეფექტიანობის გასაზომად კი მიმდინარეობს ეთერის მონიტორინგი.
დღეს, 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში (კოსტავას 68) წინასაარჩევნო ტელე და რადიოეთერის მონიტორინგის შესახებ პირველი არხის მენეჯმენტი და სოციოლოგების ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავენ.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პირველმა არხმა, წინასაარჩევნო ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შესთავაზა საეთერო დრო, თითოეულს 10 წუთი – საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ფარგლებში, ასევე შესთავაზა დებატების ფორმატი.
პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის 10-წუთიანი საეთერო დროის გამოყენების თანმიმდევრობა 25 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა. ასევე კენჭისყრით განისაზღვრა დებატებში კანდიდატთა დაჯგუფება. გარდა ამისა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიჩინა კეთილი ნება და საპრეზიდენტო კანდიდატებს შესთავაზა, ერთმანეთი გამოიწვიონ დებატებში, მხარეებს შორის შეთანხმების შემდეგ შეატყობინონ მაუწყებელს, რის შემდეგაც არხი მათ საეთერო დროს დაუთმობს.