წინა თვესთან შედარებით, ივლისში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა
2022 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.2 პროცენტი);
„სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: წინა თვესთან შედარებით ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.6 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი) და მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (1.3 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-9.4 პროცენტი), თევზეული (-1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.