უეფას ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდე და 19-წლამდელ ფეხბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა.
წილისყრამ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში მოახვედრა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ჰოლანდია, შვედეთი და ლატვია. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასულებთან ერთად, ორი საუკეთესო მე-3 ადგილოსანი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჰოლანდია 17, 20 და 23 ოქტომბერს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წელს ბულგარეთი უმასპინძლებს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები კი მე-4 ჯგუფში ნორვეგია, ჩეხეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2, 5 და 8 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში შოტლანდია უმასპინძლებს.
17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა 2018 წლის 23 ნოემბერს გაიმართება.