სამოცამდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი პრეზიდენტსა და პრემიერს ღია წერილით მიმართავს
სამოცამდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში ხელმომწერები ითხოვენ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედეა მეტრეველი არ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ახლოვდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარსდგეს და მათი მოსაზრებით, უკანასკნელ ეტაპზე ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებელია.
“მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერმინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს.
მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის მიზეზები და გარემოებები, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ რომ უბიძგა.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩვენი ქვეყნისთვის რთული და საპასუხისმგებლო პროექტია. შექმნილი ვითარება კი უპირობოდ აფერხებს ამ პროექტის მზადების პროცესს. უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება ყოვლად გაუმართლებლად მიგვაჩნია. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლება კი ყოველგვარ ზღვარს სცდება. მედეა მეტრეველის და მისი გუნდის გარეშე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ღირსეულად წარდგენას საფრთხე ემუქრება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მთელ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ფორუმია, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო სფეროს პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენა კი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, მსოფლიო საზოგადოებას საუკეთესო კუთხით გააცნოს საკუთარი თავი.
ვითვალისწინებთ რა პროექტის სახელმწიფო მნიშვნელობასა და მის მიმართ მაღალ საჯარო ინტერესს, მოვითხოვთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი სამუშაო პროცესის ხელშეწყობას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხებზე განმარტებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს. დაინტერესებული ჯგუფი კი კულტურის მინისტრს შეგვახვედროთ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად”,- აღნიშნულია წერილში.
წერილს სამოცამდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი აწერს ხელს.