„წიგნების თარო“ მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონების რეგისტრაციას იწყებს
საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი „წიგნების თარო“ მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონების რეგისტრაციას იწყებს.
პირველი სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელს და ბაკალავრიატის სტუდენტს პროექტში მონაწილეობის ახალი შესაძლებლობა ექნება.
სასკოლო სეზონში მონაწილეობის მისაღებად სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, დირექტორმა ან მასწავლებელმა უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი. სკოლას აქვს მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება.
სტუდენტებს შეუძლიათ თავად დაარეგისტრირონ სამი წევრისგან შემდგარი გუნდი. სამივე წევრი უნდა იყოს ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. გუნდების რაოდენობა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან შეზღუდული არ არის.
რეგისტრაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით „წიგნების თაროს“ გუნდი საქართველოს რეგიონების სამ ქალაქში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე დამსწრეები პროექტის ახალი სეზონებისა და რეგისტრაციის შესახებ პირადად მიიღებენ ინფორმაციას და პასუხებს „წიგნების თაროსთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექცია „პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს“.
რეგისტრაცია მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონისთვის შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე www.registracia.wignebistaro.ge და გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.
შოუს გამარჯვებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მთავარი პრიზი უცვლელი რჩება – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.
2021 წელს საქართველოს პირველი არხი და „წიგნების თარო“ კემბრიჯში 29 მოსწავლესა და სტუდენტს გაუშვებენ!