წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო მთავრობათაშორისი ფორუმის წევრი გახდა
წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო მთავრობათაშორისი ფორუმის წევრი გახდა

საქართველო მთავრობათაშორისი ფორუმის (The Intergovernmental Forum (IGF)  წევრი გახდა. ფორუმის ამოცანაა სამთო-მოპოვებით სექტორში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა კარგი მმართველობის მეშვეობით.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობათაშორის ფორუმში გაწევრიანების მიზანია წიაღისეულის მმართველობის გაუმჯობესება და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება.

როგორც წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ფორუმი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმას და მხარს დაუჭერს მას ტექნიკური დახმარების სახით.

„მივესალმები საქართველოს, როგორც მთავრობათაშორისი ფორუმის 73-ე წევრს. ყოველი სახელმწიფო, რომელიც უერთდება ფორუმს, იღებს უნიკალური ხედვების გაზიარებისა და სიღრმისეული დიალოგის შესაძლებლობას. იმედს გამოვთქვამთ, მასში საქართველოც ჩაერთვება, რათა სამთო-მოპოვებით და წიაღის სექტორში თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა მთავრობათაშორისი ფორუმის დირექტორმა, გრეგ რედფორდმა.

როგორც მთავრობათაშორისი ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ წიაღის სექტორში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, არაერთი რეფორმა განახორციელა. აღნიშნული რეფორმები თავის მხრივ სექტორის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.