წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
წიაღის სექტორის რეფორმის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა

წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის განსახორციელებლად შერჩეულია მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International). მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპერტთა გუნდი პირველი სამუშაო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მომზადდა საწყისი ანგარიში. მათ მიერ ახლახანს დასრულდა მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის ანგარიშსა და არსებული მდგომარეობის ანალიზზე.

ექსპერტთა გუნდის მეორე სამუშაო მისია დაგეგმილია მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა სექტორის რეფორმის მაკოორდინებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითადი გამოწვევები და მიმართულებები, ასევე განხილული იქნება უკვე მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„ექსპერტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისთვის კონცეპტუალურ საკითხებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა 2018 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება; მეორე ფაზაში, 2019 წელს შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და მოხდება წიაღის ახალი კანონმდებლობის ფორმირება, ხოლო რეფორმის დასკვნით (მესამე) ფაზაში კი (2020 წელს) შემუშავდება რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერების შესახებ და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით.