წიაღის სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი გარემოს სააგენტოს ანგარიშზე, 2020 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მიიმართება
წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, 2020 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მიიმართება. ორი წლით ვადის გახანგრძლივებას „რეგულირების საფასურის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ საფასურის ნაწილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე 2020 წლის პირველ იანვრამდე მიიმართება.
„აღნიშნული დანაწესის მიზანი იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფინანსური დამოუკიდებლობის, ასევე მისი მარეგულირებელი საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, თუმცა განსაზღვრულ პერიოდამდე ვერ გამოინახა სხვა დამატებითი ფინანსური წყაროები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, იმისთვის, რომ აღნიშნულმა უწყებამ 2020-2021 წლებშიც სრულფასოვნად განაგრძოს საკუთარი უფლებამოსილებების/ფუნქციების განხორციელება, კვლავ საჭიროა მის ბიუჯეტის ფორმირება წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგულირების საფასურიდან“, – განმარტავს საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.