გაფრთხილება! სტატია შეიცავს სპოილერებს რამდენიმე ეპიზოდიდან
HBO-ს კიდევ ერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და სერიალს მიაჯაჭვა. პირველი სეზონის ბოლო ორმა ეპიზოდმა მთავარი ამბის რამდენიმე მნიშვნელოვანი კვანძი გახსნა, თუმცა მაყურებელს ბევრი შეკითხვა დაუტოვა, რომლებსაც პასუხები, სავარაუდოდ, მეორე სეზონში გაეცემა.
რა არის Westworld
ეს არის HBO-ს ამერიკული ტელესერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, სადაც მოქმედება ერთდროულად ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება – ერთი არის რეალური სამყარო, სადაც „ღმერთები“ ცხოვრობენ, ხოლო მეორე – ველური დასავლეთის ტიპის სამყარო, სადაც „ღმერთების“ მიერ დაპროგრამებული ადამიანები ცხოვრობენ.
უფრო ზუსტად, Westworld არის ველური დასავლეთის ტიპის გასართობი პარკი, რომელიც ჩვეულებრივი პარკებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის შექმნილია მდიდარი დამსვენებლებისათვის, რომლებსაც პარკში სტუმრობისას რობოტი „მასპინძლები“ ხვდებიან – ისინი ვიზუალურად სტუმრებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა მათ გონებას სხვები მართავენ, აპროგრამებენ, საჭიროების შემთხვევაში, მეხსიერებას უშლიან და ა.შ.
ნოვატორი მეცნიერების მიერ შექმნილ გასართობ პარკში მისულ მდიდარ დამსვენებელს, რომელიც მოგზაურობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს – შეუძლია იცხოვროს თავისი ფანტაზიის მიხედვით, როგორი უკანონო და გარყვნილიც უნდა იყოს ეს წარმოსახვა.
სტუმრებს პარკში ჩადენილი დანაშაულის გამო, არავინ დასჯის, „მასპინძლები“ ხომ რობოტები არიან და თუ მათ რამე დაუშავდებათ, უბრალოდ, შეაკეთებენ და რობოტიც თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
Westworld 1973 წელს შექმნილი მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით არის გადაღებული. სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსი და ოქროს გლობუსის გამარჯვებული ედ ჰარისია.
სერიალის პირველი სეზონის პირველი ეპიზოდი 2016 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა. მისი შემქმნელები ჯონათან ნოლანი, ლიზა ჯოი და ჰეილ უეგრინ გროსი არიან.
Westworld – რელური ცხოვრების სასტიკი ანარეკლი
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტელესერიალმა HBO-ს პროექტებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე დიდი აუდიტორიის მოზიდვა შეძლო.
მთავარი, რაზეც Westworld მაყურებელს დააფიქრებს, არის „ადამიანობის“ მნიშვნელობა და რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
სერიალში მეცნიერების მიერ შექმნილი და დაპროგრამებული რობოტები ცდილობენ, ადამიანებს ასიამოვნონ და მათ ფანტაზიებს გასაქანი მისცენ, თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანები რობოტებს ექცევიან სასტიკად და ბარბაროსულ მეთოდებს იყენებენ მათ წინააღმდეგ. სწორედ ეს დამოკიდებულება აჩენს შეკითხვას – რას ნიშნავს იყო ადამიანი.
სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი მეორეს ეუბნება, რომ Westworld-ში იპოვის საკუთარ თავს და შეიცნობს თავის ბუნებას. ამ ფრაზის მნიშვნელობას, თავდაპირველად, პერსონაჟი ვერ აცნობიერებს, თუმცა ბოლო სერიაში ხვდება, რა იგულისხმებოდა „საკუთარი თავის პოვნაში“.
რეალურ ცხოვრებაში მორიდებული, კეთილი და გაუბედავი „სტუმარი“ გასართობ პარკში „მასპინძლებს“ შორის ნამდვილი მონსტრის თვისებებს გამოავლენს – უმოწყალოდ ხოცავს ყველას, ვინც წინ გადაეღობება – სეზონის ბოლოს თავის თავს პოულობს, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც რეალურ ცხოვრებაში იცნობდა.
სერიალის შემქმნელებს გადაღების პროცესში გამოყენებული აქვთ საკმაოდ გონივრული ტექნიკა – კამერა ძალიან ხშირად, საკმაოდ დიდხანს ჩერდება სრულიად უწყინარ დეტალებზე, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს დეტალები რაიმე განსაკუთრებულს უნდა ნიშნავდეს. პროდიუსერი ჯონათან ნოლანი – კრისტოფერ ნოლანის ძმა – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ Westworld-ში ზოგიერთი რამ „გამიზნულად არის გაუგებარი“ – ასე რომ, თუ რაღაც დეტალები და ეპიზოდები კითხვის ნიშნებს გიტოვებთ, შესაძლოა, მასზე პასუხები თავად სერიალის შემქმნელებსაც არ ჰქონდეთ, ამიტომ საშუალება გეძლევათ, თქვენც ფართო გასაქანი მისცეთ ფანტაზიას, ისევე როგორც პარკის სტუმრები აკეთებენ Westworld-ში.
Westworld-ის წარმატების მთავარი საიდუმლო მუსიკაშია
სერიალის წარმატების ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოდ კინოკრიტიკოსები მუსიკას მიიჩნევენ. ვისაც Westworld-ის ერთი სერია მაინც გინახავთ, შეამჩნევდით, რომ ამ სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიალის დრამატულობას მასში გამოყენებული საუნდტრეკები კიდევ უფრო აძლიერებს.
ირანელი კომპოზიტორის, რამინ ჯავადის კლასიკური მუსიკა კარგად ერწყმის ინსტრუმენტულ პოპ-მუსიკას, რაც შოუს უფრო შთამბეჭდავს ხდის.
მუსიკას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ასევე სერიალის პერსონაჟებზე. მაგალითად, მთელი სეზონის განმავლობაში ხშირად მოისმენთ Debussy-ს “Reverie”-ს, რომელიც რობოტების მეხსიერებაში ღრმად არის კოდირებული და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
მუსიკა მაყურებლებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და სხვადასხვა ეპიზოდს ახსენებს.
მუსიკის ტექსტები სერიალის ეპიზოდების შინაარს კარგად ერგება. მაგალითად, საროსკიპოს სცენაში ისმის ემი უაინჰაუზის Back to black, რომლის ფრაზა – მე რამდენჯერმე მოვკვდი… კონკრეტულ სცენას ესადაგება.
აღსანიშნავია ასევე, Radiohead-ის კომპოზიციების კატალოგი რეპრესიების, გამოღვიძებებისა და რევოლუციის შესახებ, რომელიც ასევე ძალიან კარგად ერგება სერიალის სხვადასხვა ეპიზოდს.
ძალადობრივი სიამოვნების ძალადობრივი დასასრული
ეს არის ფრაზა, რომელსაც გასართობი პარკის მთავარი შემქმნელი ენტონი ჰოპკინსის გმირი სერიალში ხშირად იმეორებს და, თუ შეიძლება, რომ ერთი წინადადებით შევაჯამოთ Westworld-ის პირველი სეზონი, ალბათ, ეს ფრაზა ყველაზე კარგად მოერგება მის შეფასებას. თუმცა, ბუნებრივი, სერიალი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ძალადობრივი სიამოვნების ძალადობრივი დასასრული.
პირველი სეზონის ბოლო სერიაში რობოტები მზად არიან საბოლოოდ დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა.
„ეს სამყარო ჩვენ გვეკუთვნის და არა მათ“ – ეს ერთ-ერთი მთავარი გმირის, დოლორესის, სიტყვებია, რომელსაც თავის მეგობარ ტედის ბოლო სერიაში ეუბნება და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან მოქმედებას განახორციელებს. ვისაც სერიალი ნანახი აქვს, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ, ხოლო ვისაც ნანახი არ აქვს, შეგნებულად არ დავასპოილერებ, ვინაიდან სეზონის კულმინაცია სწორედ დოლორესის ეს ქმედება ხდება.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სერიალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მოვლენა – ენტონი ჰოპკინსი, რომელიც, ბუნებრივია, ამ როლსაც შეუდარებლად ასრულებს. სოციალურ ქსელებში Westworld-ის თაყვანისმცემლები სერიალის შემქმნელების გარდა, განსაკუთრებულ მადლობას სწორედ ენტონი ჰოპკინსს უხდიან, რომელმაც სერიალი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა.