წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, წყალგამტარი მილებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები ტარდება.
„წესი-ურავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ერთ დროს ასფალტ-ბეტონის საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული და დაორმოებული. პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება შვიდი ხიდი, მოეწყობა წყალგამტარი მილები და საყრდენი კედლები. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ავტობუსის გაჩერებების მოწყობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 19 671 177 ლარია.