წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 30-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მისი კლინიკაში შეყვანისთანავე ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებები ჩაატარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, კლინიკებში სულ 19 პაციენტი მოათავსეს. ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც მრავლობითი ტრავმები აღენიშნება, ოპერაცია ამ დრომდე უტარდება, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ასევე ერთი დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული.
„სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და საშუალო სიმძიმის. მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება. დაზარალებულებიდან ერთ-ერთი ბავშვია, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.