წელს თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის მშენებლობის დაწყება იგეგმება
მიმდინარე წელს თბილისის რაიონული პროკურატურებისთვის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობის მშენებლობის დაწყება იგეგმება, – აღნიშნული გეგმის თაობაზე საუბარია საქართველოს პროკურატურის წლიურ ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მშენებლობა განხორციელდება პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით და პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურები.
უწყების ცნობით, აღნიშნული რაიონული პროკურატურების თანამშრომლები დაახლოებით თერთმეტი წელია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.
„პროკურატურის ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი. პროკურატურის ახალი შენობის პროექტი თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო
გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც
პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2022 წელს გაგრძელდება
საქართველოს პროკურატურის ოფისების განახლება და თანამშრომელთა სამუშაო პირობების
გაუმჯობესება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დასაწყისში დამტკიცდება საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
„პროკურატურის მიზანია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პასუხობდეს, ერთი მხრივ, პროკურატურის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, შეესაბამებოდეს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თანამედროვე სტანდარტებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.