წელს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის 54 ფაქტი დაფიქსირდა
წელს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის 54 ფაქტი დაფიქსირდა

2018 წლის პირველი იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტოროპული ნივთიერებების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაციის წესის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ პირველ არხს სააგენტოდან აცნობეს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, აღნიშნული სამართალდარღვევის სამი ფაქტი ორ აფთიაქში დაფიქსირდა. ესაა შპს „კაპარი“ (თბილისი. ლეონიძის 16/ქიქოძის 1) – ორი ფაქტი, და შპს „ელფარმას“ აფთიაქი (თბილისი, ბახტრიონის 13) – ერთი ფაქტი.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევის გათვალისწინებით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. კერძოდ, ისინი უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა ოთხ მილიონ ლარს გადააჭარბა. სააფთიაქო ნარკომანიისა და ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მფარველობის გამო სამართალდამცავებმა ჯამში 20-მდე პირი დააკავეს, მათ შორის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, რომელიც მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.