წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრასთან დაკავშირებით დებატები დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრასთან დაკავშირებით დებატები დაიწყო.
დებატები ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ეს დრო „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წარმომადგენლებს შორის თანაბრად განაწილდება. ამის შემდეგ კი, ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას უყრიან კენჭს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა 24 სექტემბერს წამოიწყო. „დემოკრატები“ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში სდებენ ბრალს, რათა მას ტრამპის კონკურენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.
აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება სულ სამჯერ მოხდა ენდრიუ ჯონსონის, ბილ კლინტონის და რიჩარდ ნიქსონის მიმართ. ჯონსონი და კლინტონი სენატმა გაამართლა. ნიქსონმა კი, მოსმენების დაწყებამდე დატოვა თანამდებობა.