წამების საწინააღმდეგო კომიტეტი პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო რეფორმებს დადებითად აფასებს
ევროპის წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ცალსახად აღიარებენ სისტემაში მიღწეულ პროგრესს, აღარავინ დავობს, რომ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობად მიღებული სისტემური დანაშაული – პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სრულად აღმოფხვრილია.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმები დადებითად არის შეფასებული, მათ შორის პატიმრობის კოდექსში შეტანილი ახალი ნორმებისა და 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღება; წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დადებითად აფასებს ზოგადი გადატვირთულობის საკითხის არარსებობას; კომიტეტს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები პენიტენციურ დაწესებულებებში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით; კომიტეტმა აღნიშნა პენიტენციურ დაწესებულებებში ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის კუთხით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის (24/7). კომიტეტი ხელშესახებ პროგრესად მიიჩნევს B და C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს: სისტემატური სკრინინგის და სათანადო მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას. HIV შემთხვევაში დაფიქსირებულია ნებაყოფლობითი გამოკვლევების და საჭიროებისამებრ რელევანტური თერაპიული კურსების შეთავაზების შესაძლებლობა. ზოგადად, დადებითად არის შეფასებული სამედიცინო ანკეტების წარმოების პროცესი.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღკვეთის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს შორის დადებითად აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ახალი სამხრე კამერების გამოყენება და პოლიციის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ.
ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობა.
ანგარიშის მიხედვით, დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები არ გამოვლენილა. ასევე, კომიტეტი მიუთითებს, რომ იზოლატორებში და ცენტრში განთავსებული პირებისთვის გარანტირებულია ხელმისაწვდომობა ადვოკატზე, თარჯიმანზე, უფლება-მოვალეობების ამსახველ დოკუმენტაციაზე და სამედიცინო მომსახურებაზე. ამასთან, დაცულია სამედიცინო დოკუმენტაციის კონფიდენციალურობა და ანონიმური საჩივრის განხორციელების უფლება, დაკავებულთა სამედიცინო შემოწმება ხორციელდება რეგულარულად და დაზიანებების დოკუმენტირება ხდება სტანდარტების შესაბამისად.
დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.