წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის შესახებ საჯარო განხილვა მიმდინარეობს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ საჯარო განხილვას მართავს.
ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.
ნინო ლომჯარიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება ეხმაურება იმ რეკომენდაციების სულისკვეთებას, რომლებიც ევროკავშირს აქვს გაცემული საქართველოს მიმართ.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პატიმართა უფლებებზე. ალბათ გახსოვთ, 2020 წელს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე მე წარმოვადგინე ანგარიში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას, ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურას, იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც ახლავს ამ სისტემის არსებობას პატიმრებისთვის. მაშინ სახალხო დამცველი გახდა დისკრედიტაციისა და თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ციხეებშიც ჩვენ გვექმნებოდა მუშაობის პრობლემები პატიმართა გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომლებიც კოორდინირებული იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოვიდა საქართველოში და შარშან განახორციელა სპეციალური საგამონაკლისო წესით ვიზიტი ქართულ ციხეებში. დღეს სწორედ მათ ანგარიშს მოვისმენთ. მოხარული ვარ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები და ძირითადი დასკვნები ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავენ ე.წ. სუბკულტურას და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში. ასევე მოხარული ვარ, რომ დღეს გარკვეული კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ კონსტრუქციულ რეჟიმში და ვისაუბროთ გამოსავალზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტს ექნება აღნიშნული ანგარიშის შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა.
„პირადად მე ყოველთვის მომხრე ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიისა. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკაში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, ხშირად, მათ შორის პოლარიზაციის განმსაზღვრელიც არის ხოლმე, რომ დისკუსია წარმოებს არა მტკიცებულებებზე დაფუძნებით და ფაქტებზე დაფუძნებით, არამედ აღქმებსა და შეფასებებზე. ამდენად, თავისთავად, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშიც ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორედ ის მტკიცებულებები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა, გავაანალიზოთ და აქედან გამომდინარე საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება დღევანდელ დისკუსიას, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ორგანიზებისთვის, „სიპიპის“ წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან მალე, ამიტომ შესაძლებლობა გვექნება, რომ არ ვიცი, რამდენი განზომილება გამოდის, მაგრამ ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებით არის ორი მთავარი თემა.
„ერთი გახლავთ ზოგადად ადმინისტრაციის დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. ამ კუთხით აღინიშნა მათ შორის „სიპიპის“ დასკვნაშიც. მე რამდენადაც გავეცანი, ამ კუთხით შენიშვნები მათი მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე არ არის. სახალხო დამცველმაც ეს დაადასტურა დღეს. არის მეორე მიმართულება, რომელიც შეეხება უკვე შიგნით პატიმრებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აქაც, როგორც ვხვდები, დახურული ტიპის დაწესებულებების მიმართ პრეტენზიები არ არსებობდა. შენიშვნები „სიპიპის“ მხრიდან, უხეშად რომ ვთქვათ, შეეხება ნახევრად ღია დაწესებულებებს, სადაც უფრო ინტერაქციის შესაძლებლობაა. თავისთავად, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება საუბარი, სად არის ის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.