წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს ონლაინსხდომა გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

„სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება: არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია; არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. დოკუმენტი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა რეკომენდაციები. საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2019-2020 წლებში არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ამ მხრივ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო ინსპექტორი; სახალხო დამცველის აპარატის, ეროვნული და საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.