ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ი/მ ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
საწარმოში დღეში საშუალოდ რვა ტონამდე რძეს გადაამუშავებენ და მზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამამუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.