წალენჯიხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ხოლო ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
„თავიდან NDI-ის ჩართულობით ყველა განხილვაში მივიღეთ მონაწილეობა, გვქონდა შენიშვნები, რაც არ გაითვალისწინეს და ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ბიუჯეტს. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, ჩემი სამაჟორიტარო ოლქის არცერთი პრობლემა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბესიკ ფარცვანიამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 მილიონ 660 ათას ლარს შეადგენს.