წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოლორის უბანში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მუჟავის ოლორის უბანში, მთის კალთაზე ახალი ხანძრის კერაა. მისი თქმით, იწვის ტყის ფართობი, ბუჩქნარი და ხეები. მისივე განცხადებით, ხანძრის აქტიური კერაა ასევე სქურის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ორივე კერაზე ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა.
დღის განმავლობაში მეხანძრეებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ორი კერის ლიკვიდაცია მოახდინეს, მუჟავას ნაშაგუს უბანსა და ჯაღირაში. ხანძრების ქრობის პროცესს ართულებს რთული რელიეფი, რის გამოც სახანძრო ტექნიკისთვის ადგილები მიუვალია და მეხანძრეები ინდივიდუალური აღჭურვილობით ებრძვიან ხანძარს.