წალენჯიხის მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია გააცნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო სოფლებში არსებულ პრობლემებზე. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას შეხვედრაზე იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
,,ამ შეხვედრებით სახელისუფლებო გუნდის მიზანია, მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს პრობლემები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ ჩამოვდივართ არასაარჩევნო პერიოდში და გვინდა, რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა პრობლემაა დავიწყეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან და ეს პროცესი გაგრძელდება. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება რაც უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.