წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მოძრაობამ „ხმა“ აქცია-ველომარათონი გამართა.
მოძრაობის ორგანიზებით, ახალგაზრდები ველოსიპედებით სოფელ ჯვარიდან სოფელ მუჟავას უბან წყოუშში წავიდნენ, რომელიც ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოს ესაზღვრება.
აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს.
სამოქალაქო მოძრაობის წევრებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ტრანსპარანტები წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“, „სოლიდარობა ვაჟა ექიმს“, „აფხაზეთი საქართველოა“, „სამაჩაბლო საქართველოა“.
„აქციის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მოტივაციის გაღვიძება, საქართველოს გაერთიანება ჩვენი თაობის ამოცანაა. ამ ახალგაზრდებს აღარ უნდა ჰქონდეთ საფიქრალი ოკუპაციაზე. საქართველო ჩვენ უნდა გავაერთიანოთ”, – განაცხადა სამოქალქო მოძრაობა „ხმას“ დამფუძნებელმა, ბაჩო ქანთარიამ.