ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი რისკავს, გახდეს „ლუზერი პრეზიდენტი“
დონალდ ტრამპი რისკავს, გახდეს „ლუზერი პრეზიდენტი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების საკითხზე „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუ ნიუ იორკის სასამართლოში ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრეა ჩაწერილი.
ზელენსკის თქმით, აცნობიერებს, რომ ტრამპის ხელახალი არჩევის შემთხვევაში, მას შეუძლია, გამანადგურებელი სამხედრო მარცხი მიაყენოს უკრაინას „მხარდაჭერის, შეიარაღების, თანხის“ შეწყვეტით და კიევის პარტნიორებთან „შეთანხმების დადებით“, უკრაინას მათაც შეუწყვიტონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდება.
ზელენსკის თქმით, უკრაინა შეიარაღების გარეშე, შიშველი ხელებით ვერ შეძლებს, იბრძოლოს მრავალმილიონიანი არმიის წინააღმდეგ, თუმცა ასეთ სცენარს ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. ზელენსკის თქმით, ასე თუ მოხდება, სერიოზული შედეგები მოჰყვება მსოფლიოში ამერიკის პოზიციისა და თავად დონალდ ტრამპისთვის.
„მას სურს ლუზერ პრეზიდენტად გახდომა? გესმით, რა შეიძლება მოხდეს? – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი დაარღვევს ტრამპის მიერ მიღწეულ შეთანხმებას.
„ცეცხლის შეწყვეტა მახეა. პაუზის შემდეგ პუტინი წინ წავა, დაამცირებს ტრამპს და მსოფლიოს თვალში ძალიან სუსტს გამოიყვანს. საუბარია არა პირადად ტრამპზე, როგორც პერსონაზე, არამედ ამერიკის ინსტიტუციაზე. ის გახდება ძალიან სუსტი. აშშ აღარ იქნება ლიდერი მსოფლიოს თვალში. დიახ, ის იქნება ძლევამოსილი, პირველ რიგში, შიდა ეკონომიკით, რადგან უდავოდ ძლიერი ეკონომიკა აქვს, მაგრამ საერთაშორისო გავლენის თვალსაზრისით, ის ნულის ტოლი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში „არენაზე გამოვლენ“ სხვა, ძირითადად ავტორიტარული ქვეყნები და ლიდერები, როდესაც გააცნობიერებენ, რომ ამერიკა აღარ არის „მოთამაშე“ და მიბაძავენ პუტინის აგრესიულ „მიდგომას“.
ზელენსკის თქმით, ეს გლობალური კატასტროფით დასრულდება. „დასაწყისი იმისა, რაზე საუბარიც ყველას ეშინია. ეს რეალობაა და ეს მესამე მსოფლიო ომია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება 24 საათში შეუძლია. მედიის ცნობით, ტრამპის თანაშემწეებს შემუშავებული აქვთ სავარაუდო გეგმა, რომელიც უკრაინის მიერ აღმოსავლეთ რეგიონებისა და ყირიმის რუსეთისთვის დათმობას მოიცავს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს, ისევე როგორც „რუსეთის ულტიმატუმს“, რომელიც უკრაინისგან მოითხოვს, უარი თქვას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.