ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინას მოუწოდა, არ დატოვოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების შესახებ გამართულ კენჭისყრაზე, გერმანიამ და საფრანგეთმა საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით იმოქმედეს, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან, – ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, როჯერ გეილიმ გააკეთა.
როჯერ გეილი ასევე აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მათი დაბრუნება ევროსაბჭოში საერთაშორისო საზოგადეობის მიერ ყირიმის აღიარების პირველი ნაბიჯია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინას მოუწოდა, არ დატოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
„დიდი შეცდომა იქნებოდა საკუთარი თავის გარიცხვა. ჩვენ უნდა დავრჩეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვჯერა – ადამიანის უფლებებისთვის. „МН17“ – ის კატასტროფის გამოძიება , სკრიპალების მოწამვლა, ჩვენ მომავალშიც უნდა წამოვჭრათ ეს საკითხები“, – განაცხადა გეილიმ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია 26 ივნისს დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, 62 წინააღმდეგი წავიდა, 15-მა კი თავი შეიკავა.
რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.