ვრცელდება ინფორმაცია, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მონაწილე პირებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი
„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებულები, გლდანის მეორე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. იქ მყოფი მათი ახლობლები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, მასში მყოფ ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, გუშინ ღამით გაიტაცეს. ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, გატაცებულები ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და ადგილიდან მიიმალნენ.
„იარაღებით დაადგენენ მანქანაში, მანქანა გვჭირდებაო. ეს გუშინ დაახლოებით 21:00 საათისთვის მოხდა. მთელი ღამე ჰყავდათ. ტელეფონები გადაუგდეს. როდესაც ჩემი ბიძაშვილი მანქანიდან ჩამოსვევს, ხმოვანი შეტყობინება გამოგვიგზავნა აფთიაქიდან და ეს მოგვიყვა“, – განაცხადა ერთ-ერთი გატაცებულის ბიძაშვილმა.
გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილის 10:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბანკის შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა. მათვე ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო შენობაში შეჭრილ პირსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის, დაშავებული არავინ არ არის. გასროლის შედეგად რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.