ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი, მაღალი სიზუსტის რაკეტა შექმნა, რომელიც სამიზნეს უხმაუროდ, ბასრი პირით ანადგურებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი, მაღალი სიზუსტის რაკეტა შექმნა, რომელიც სამიზნეს უხმაუროდ, ბასრი პირით ანადგურებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი, მაღალი სიზუსტის რაკეტა შექმნა, რომელიც სამიზნეს უხმაუროდ, ბასრი პირით ანადგურებს. გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ვაშინგტონი ახალ რაკეტას ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, საზღვარგარეთის ოპერაციებში უკვე იყენებს.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, რაკეტა სამიზნეს 45 კილოგრამი სიმძიმით ეცემა და დარტყმას აყენებს შენობის ან ავტომობილის სახურავს. სამიზნესთან დაჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, რაკეტის კორპუსიდან ექვსი ბასრი პირი გამოიტყორცნება და გზად ყველაფერს ანადგურებს. სწორედ ამის გამო უწოდეს რაკეტას „ნინძა ბომბი“ ან „მფრინავი დანები“.

გამოცემა წერს, რომ რაკეტა სახელწოდებით „არ9ექსი“ 1.5 მეტრის სიგრძისაა და მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ. აღნიშნული რაკეტის გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც თავდასხმის ობიექტი ზუსტად არის განსაზღვრული, თუმცა სხვა სახის იარაღის გამოყენება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის საფრთხეს ქმნის.