„ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ წარმომადგენელი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღესდღეობით ვითარება სტაბილურია
„ვორლდ ვიჟენ-საქართველოს“ წარმომადგენელი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღესდღეობით ვითარება სტაბილურია

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღესდღეობით ვითარება სტაბილურია, – ამის შესახებ „ვორლდ ვიჟენ – საქართველოს“ ბავშვთა დაცვის ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულების მენეჯერმა, მაია მგელიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. 

„დღესდღეობით, 23 ბენეფიციარი იმყოფება, სოციალურ მუშაკებთან და აღმზრდელებთან ერთად“, – განაცხადა მგელიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინოწმინდის პანსიონში აღრიცხულზე გაცილებით მეტი ბავშვი იყო, მაია მგელიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნინოწმინდის დაწესებულებაში 53 ბენეფიციარი იყო, როდესაც იქ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მუშაობა დაიწყო. ჩვენი ორგანიზაციაც თითქმის, იმავე დღიდან იმყოფება დაწესებულებაში და იქ არ იმყოფებოდა იმაზე მეტი რაოდენობის ბავშვი, ვიდრე რეგისტრირებული იყო“, – განაცხადა მგელიაშვილმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება იმ აღმზრდელებს, რომლებსაც ბავშვები ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ, მაია მგელიაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან, გამოძიება არ დასრულებულა და კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შესაბამისი დასკვნა არ არსებობს, აღმზრდელებს უფლებამოსილება არ შეჩერებიათ.

„ველოდებით შესაბამისი ორგანოების დასკვნას და შემდეგ, ალბათ, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორი სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს ამ ფაქტებს“, – განაცხადა მგელიაშვილმა.

მისი თქმით, ბავშვებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან პანსიონში უკვე ერთი კვირის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები იმყოფებიან.

„ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ ბავშვებთან გასაუბრებას, მათ შეფასებებს და მათ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნები. ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა.