„ვორლდ ფოფულეიშენ რივიუს“ ინფორმაციით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოს ყველაზე ცუდ სისტემებს შორის მოხვდა
აშშ-ის აღწერის ბიუროს, „ვორლდ ფოფულეიშენ რივიუს“ ინფორმაციით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოს ყველაზე ცუდ სისტემებს შორის მოხვდა.
ორგანიზაციამ შესაბამისი სტატისტიკა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაზე“ დაყრდნობით გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს შიდა კონფლიქტის, ეკონომიკური პრობლემების ან დაუფინანსებელი პროგრამების გამო.
გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დასახელებულია მიანმარის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, დომინიკანას, ეკვატორული გვინეის, ლიბერიის, ლიბიის, პაკისტანის, შრი ლანკისა და ზამბიის საგანმანათლებლო სისტემების გვერდით.
„არსებობს ორგანიზაციები, სამეცნიერო ცენტრები და პუბლიკაციები, რომლებიც იყენებენ მონაცემებს, როგორიცაა წიგნიერების ან სასწავლო დაწესებულებების დამთავრების მაჩვენებლები იმის დასადგენად, თუ რომელ ერებს აქვთ საუკეთესო განათლების სისტემები. ერთ-ერთი ასეთი სია შექმნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ. ამ ორგანიზაციამ შეისწავლა 25-დან 64 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობა, რომლებმაც დაასრულეს პროფესიული პროგრამა ან მიიღეს ორ ან ოთხ-წლიანი დიპლომი. შემდეგ ეს მონაცემები გამოიყენა იმის დასადგენად, რომელი ქვეყნები იყვნენ ყველაზე განათლებული“, – ნათქვამია აღწერის ბიუროს სტატიაში.
ორგანიზაციამ ყველაზე განათლებულ ერად კანადა დაასახელა, მეორე ადგილზე იაპონიაა, მესამეზე – ისრაელი. სიაში მომდევნო ადგილებს იკავებენ კორეა, ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ფინეთი, ნორვეგია და ლუქსემბურგი.