ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწე აცხადებს, რომ უკრაინას ნატო-სგან ვილნიუსის სამიტზე მიწვევა სურს
უკრაინას ნატო-სგან ვილნიუსის სამიტზე მიწვევა სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ნატო-ს სამიტზე მიწვევა სურს ალიანსში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად და თუ ლიდერები ამისთვის „გამბედაობას“ არ გამოიჩენენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს არ დაესწრება.
ჟოვკვამ „როიტერთან“ განაცხადა, რომ კიევს სურს, ნატო-ს 11-12 ივლისის დაგეგმილ სამიტზე პასუხი გაეცეს ნატო-ს წევრობის შესახებ განცხადებაზე, რომელიც უკრაინამ გასული წლის 30 სექტემბერს შეიტანა.
„ეს განცხადება ახლა ნატო-ს მოკავშირეების ლიდერების მაგიდაზეა. ვილნიუსის სამიტი იქნება ძალიან კარგი დასაწყისი ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად. პასუხის გაცემაში ვგულისხმობთ წევრობის მოწვევას, რომელიც მხოლოდ პირველი ეტაპია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ჟოვკვამ აღნიშნა, რომ ერთადერთი, რასაც უკრაინა ამ ეტაპზე ითხოვს, არის პროცედურის დაწყება.
კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის უკრაინა ახლა მოწვევის მიღებასთან, ჟოვკვამ თქვა: „ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ნახევარი წლის წინ ვიყავით. და ჯერ კიდევ დარჩა დრო, ბევრი დრო დარჩა რეალურად“.