ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან.

ზელენსკი ტელეხიდის მეშვეობით ესაუბრა ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მეთაურებს და მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის გაწეული სამსახურისთვის.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხუთი გათავისუფლებული სამხედრო მეთაური, მათ შორის „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ზელენსკის თქმით, ასეთი იყო ტყვეთა გაცვლის პირობები.

მისივე განცხადებით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან, კომფორტულ გარემოში და პირადი შეხვედრების გამართვის უფლება ექნებათ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ოფიციალურად დაადასტურეს 215 უკრაინელი სამხედროს გათავისუფლება. მათგან 108 „აზოვის“ პოლკის წევრია.

ამასთან, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნების 10 მოქალაქე.

გავრცელებული ცნობით, სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე და პუტინის ნათლიმამა, ვიქტორ მედვედჩუკი.