ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის დასაცავად უკრაინას სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ ესაჭიროება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის დასაცავად უკრაინას ორი სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ ესაჭიროება.
როგორც „ეიბისი ნიუსი“ იუწყება, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხარკოვში არსებულ მდგომარეობაში მთელ მსოფლიოს მიუძღვის ბრალი.
„ვითარება ძალიან სერიოზულია. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას საკუთარ თავს, დავკარგოთ ხარკოვი. ჩვენ გვჭირდება „პეტრიორტის“ ორი სარაკეტო კომპლექსი. რუსეთი ვერ შეძლებს ხარკოვის ოკუპირებას, თუ ჩვენ ეს სისტემები გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„ეიბისი ნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ არის აშშ დამნაშავე ხარკოვის მიმართულებით ვითარების გამწვავებაში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამნაშავე მთელი მსოფლიოა.
„ეს მსოფლიოს ბრალია. მათ მისცეს შესაძლებლობა პუტინს, ოკუპაცია მოეხდინა, მაგრამ ახლა მსოფლიოს შეუძლია დახმარება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ეიბისი ნიუსის“ კორესპონდენტმა ზელენსკის მიმართა, რომ ბევრ ამერიკელს აწუხებს ის, თუ რა თანხებს გადასცემს აშშ უკრაინას.
„ეს ფული უკრაინას არ გადაეცემა. ეს ფული იხარჯება ამერიკულ ქარხნებზე, ამერიკული სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის არ ვიბრძვით. უკრაინა რომ არ ყოფილიყო, ეს სხვა ქვეყანა იქნებოდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ასევე ჰკითხეს უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დიალოგი კარგია, მაგრამ უკრაინას დახმარება ახლავე სჭირდება“.