ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ ყველა სამხედროს ევაკუაცია განხორციელდება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ ყველა სამხედროს ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქარხანაში იყო ბლოკირებული. ქარხნის მახლობლად მყოფი ან მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ, ვიცი, რაც ხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, არც დღეებში, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველას გამოყვანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის აბსოლუტურად ყველა დამცველი გმირი ხალხია და მათ ეცნობათ, რომ აქვთ სრული უფლება, გამოვიდნენ ქარხნიდან და გადაარჩინონ სიცოცხლე. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს იარაღი სთხოვა ქარხნის ტერიტორიის სამხედრო გზით განბლოკვისთვის, ხოლო შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდა, რომ „აზოვსტალის“ განბლოკვა შეუძლებელი იყო სამხედრო გზით, მათ ევაკუაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ განბლოკვით დაკავდებიან შუამავლები, დასავლელი პარტნიორები. მოველაპარაკე თურქეთს, შვეიცარიას, ისრაელს, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.