უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ მედია ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, რუსეთის ლიდერის გარდა, შეზღუდვები შეეხო კიდევ 34 ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა.
რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელებს დაუწესდათ შემდეგი შეზღუდვები: აქტივებისა და ქონების ბლოკირება; უკრაინიდან კაპიტალის გატანის პრევენცია; უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა; ფასიანი ქაღალდების ოპერაციების აკრძალვა; ვიზაზე უარის თქმა; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა; ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეწყვეტა; ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა; მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.