ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ტელეფონით ესაუბრა და ის შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, მისი საუბარი ორბანთან იყო „ხანგრძლივი და საგნობრივი“.
„მე ხაზი გავუსვი უკრაინის დაინტერესებას უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი ცნობით, საუბრისას მათ ორმხრივი საკითხების ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნაბიჯების კოორდინირება მოახდინეს და ასევე განიხილეს ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნავენ, რომ საუბრისას განხილული იყო უნგრეთ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ელემენტი, მთავარი თემა კი, მშვიდობისა და ომის საკითხი იყო.
როგორც უნგრეთის პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბერტალან ჰავაშიმ აღნიშნა, ორბანმა დაუდასტურა ზელენსკის, რომ უნგრეთი მზად არის, ხელი შეუწყოს ყველა ინიციატივას და ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული. უკრაინისა და უნგრეთის ლიდერებმა ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.