ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა და დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა.
8 მაისით დათარიღებული განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზალუჟნის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა და მას სამხედრო ფორმის ტარების უფლება შეუნარჩუნდა.
ამასთან, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ოფიციალურად დაინიშნა.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური სერგეი ლუპანჩუკი გაათავისუფლა და თანამდებობაზე ალექსანდრ ტრეპაკი დანიშნა.
ლუპანჩუკი სპეციალური ოპერაციების ძალებს 2023 წლის ნოემბრიდან მეთაურობდა.
ალექსანდრ ტრეპაკი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროა, მას მინიჭებული აქვს უკრაინის გმირის წოდება. მონაწილეობდა დონეცკის აეროპორტის დაცვაში.