ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატიდან დელეგაციაში შედიან ერმაკის მოადგილეები, რომან მაშოვეცი და იგორ ჟოვკვა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები – იგორ ბარანეცკი და ვიტალი მარტინიუკი. დელეგაციაში ასევე შედიან სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრი ალექსანდრე კამიშინი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე პავლიუკი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირინა მუდრაია და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იგორ ფომენკო.
დელეგაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენენ მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი და საგანგებო დავალებათა ელჩი ანტონ კორინევიჩი. ზელენსკის ბრძანება ითვალისწინებს, რომ ერმაკს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეუძლია, ცვლილებები შეიტანოს შემადგენლობაში და საჭიროების შემთხვევაში შეიყვანოს ექსპერტები. ზელენსკიმ ასევე დაამტკიცა სახელმძღვანელო „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ბრძანების ეს ნაწილი საიდუმლოა.