ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, ორი კვირის ვადაში წარადგინონ გეგმა კოლაბორაციონისტებისა და საზღვრის უკანონო კვეთის საკითხების გადაწყვეტისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს დაავალა, ორი კვირის ვადაში წარადგინონ გეგმა კოლაბორაციონისტებისა და საზღვრის უკანონო კვეთის საკითხების გადაწყვეტისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„გვქონდა თათბირი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელებთან. ძირითადი ყურადღება დაეთმო კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ ზომების მიღებას; სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას მათ მიმართ, ვინც ამართლებს რუსეთის აგრესიას; ემსახურება უკრაინის წინააღმდეგ ამ ომს; საზღვრის უკანონო კვეთას და ანტიკორუფციულ პროგრამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ორ კვირაში მათ უნდა შეიმუშაონ და წარადგინონ მკაფიო გეგმა ამ პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა მოქმედება.
მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უფრაქციო დეპუტატმა, არტემ დმიტრუკმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი და მოლდოვაში გადავიდა, საიდანაც იტალიაში გაემგზავრა. მოგვიანებით უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განაცხადეს, რომ მოქმედ დეპუტატს პოლიციელსა და სამხედროზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს.