ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ალექსეი მოროზოვი წარადგინა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ალექსეი მოროზოვი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ალექსეი მოროზოვი წარადგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოროზოვს ცვლილებების განხორციელებაზე კარტბლანში აქვს და მისი მთავარი ამოცანა იქნება ქვეყნის საკვანძო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის, რომ სამმართველოში მუშაობდნენ „გამორჩეულად პატრიოტულად განწყობილი პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ ბედს მხოლოდ უკრაინას უკავშირებენ“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო დაცვის სტრუქტურა მოდერნიზაციასა და სამუშაოების ჩატარებასაც საჭიროებს, რათა საომარი მდგომარეობის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს და საჭიროა, სამმართველო გაიწმინდოს ისეთი ხალხისგან, რომელიც დისკრედიტაციას უწევს სახელმწიფო დაცვის სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს სახელმწიფო დაცვის სამსახურმა რუსეთთან თანამშრომლობისთვის დააკავა ორი პოლკოვნიკი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისა და სხვა მაღალი რანგის პირების, მათ შორის, დაზვერვის მეთაურის, კირილო ბუდანოვის მკვლელობის მომზადებაში უწევდნენ მოსკოვს დახმარებას. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი რუდი თანამდებობიდან მაისში გადააყენეს.