ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა - რუსეთი გზავნის ახალ ძალებს, რომ გააგრძელოს უკრაინელების განადგურება, ომის შესაჩერებლად მეტი უნდა გავაკეთოთ, პირველი და უმთავრესი იარაღია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა - რუსეთი გზავნის ახალ ძალებს, რომ გააგრძელოს უკრაინელების განადგურება, ომის შესაჩერებლად მეტი უნდა გავაკეთოთ, პირველი და უმთავრესი იარაღია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

ონლაინრეჟიმში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებს, მათ შორის ნორვეგიას, რუსული ხომალდებისთვის პორტების ბლოკირებისკენ მოუწოდა.

„ევროკავშირმა და ვიმედოვნებ, ნორვეგიამაც საბოლოოდ უნდა აუკრძალონ რუსულ ხომალდებს ევროპული პორტების გამოყენება, ვიდრე ისინი ჩვენს პორტებს ბლოკავენ. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი მსოფლიოს რომელიმე პორტის გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მეორე მსოფლიოს ომისა და ნაცისტების აგრესიის შემდეგ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ისეთი საფრთხე თავისუფალი საზღვაო მიმოსვლისთვის, როგორსაც რუსეთი ქმნის ახლა.

ზელენსკის თქმით, დადასტურებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში უკვე 145 ბავშვია დაღუპული, თუმცა მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყო.

„საფასური, რომელსაც ჩვენ ვიხდით, საშინელია. დღევანდელი მონაცემებით, 145 ბავშვის გარდაცვალებაა დადასტურებული. ეს მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებული რიცხვია. ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენ არ შეგვიძლია მსხვერპლთა ზუსტი რიცხვის დადგენა. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ დავკარგეთ ასობით ბავშვი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნორვეგიას, მიაწოდოს ენერგორესურსები ევროკავშირსა და უკრაინას.

„ნორვეგიისადმი ნდობა ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მაღალი. ეს მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ქცევისგან ენერგორესურსებთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინისთვის აუცილებელი რესურსების მიწოდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში ონლაინრეჟიმში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო შეიარაღება და საარტილერიო სისტემები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.

„თქვენ გადადგით ისტორიული ნაბიჯები, როდესაც მოგვეცით ის, რაც აუცილებელი იყო თავისუფლებისთვის და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ომი გრძელდება. რუსეთი გზავნის ახალ ძალებს ჩვენს მიწაზე, რომ გააგრძელოს უკრაინელების განადგურება. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი შევაჩეროთ. პირველი და უმთავრესი – იარაღია. თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებად უნდა იყოს შეიარაღებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.