ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელითაც მოსკოვსა და ტოკიოს შორის სადავო, კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადა.
„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი, სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული გადაწყვეტილება. უკრაინამ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა, მათ შორის ჩრდილოეთის ტერიტორიის, რომელიც ჯერ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, – განაცხდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, პრეტენზიებს აცხადებდეს ამ ტერიტორიაზე და „მთელმა მსოფლიომ ეს კარგად იცის“.
„აუცილებელია ქმედებები და რუსეთის ოკუპაციისგან ყველა იმ მიწის გათავისუფლება, რომელთა მითვისებასაც ოკუპანტები ცდილობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, აგრესორმა უნდა წააგოს და ოკუპანტებს არაფერი უნდა დარჩეთ.
შეგახსენებთ, სადავო კუნძულები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიყვანეს. იაპონია მათ კუთვნილებას აპროტესტებს.