ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა მობილიზაციის შესახებ კანონს, რომელიც სამხედრო სამსახურში პირობითი მსჯავრის მქონე პირების გაწვევასაც ითვალისწინებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, კანონის ძირითადი დებულებები ძალაში შევა ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს. კანონის მთავარი მიზანი სამობილიზაციო პროცესების გაძლიერებაა. ის გაამკაცრებს სამხედრო აღრიცხვის წესებს უკრაინაში, ასევე გააძლიერებს სანქციებს მათ წინააღმდეგ ვინც სამხედრო სამსახურს თავს არიდებს. ამას გარდა, კანონში დაკონკრეტებულია ის მუხლები, რომლებიც მობილიზაციის გადავადების პირობებს ეხება.
ახალი კანონით სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, სამხედრო აღრიცხვა უკრაინაში მოუწევთ. როგორ უნდა მოხდეს ეს, ამას უკრაინის მინისტრთა კაბინეტი დაადგენს. ამას გარდა, 25-დან 55 წლამდე მოქალაქეებს, რომლებიც ომის მიმდინარეობისას დაშავდნენ და მეორე ან მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებელობის პირებად აღიარეს, ხელახლა მოუწევთ სამედიცინო შემოწმების გავლა.
ახალი კანონის მიხედვით, სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ მსჯვარდებულებიც, რომელთაც პირობითი მსჯავრი აქვთ მისჯილი. როგორც „ბიბისი“ წერს, სოციალურ ქსელებში უკრაინელების უკმაყოფილება მოჰყვა კანონიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი ჯარისკაცების დემობილიზციას ეხებოდა.