ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების რეესტრის შექმნას და მათთვის უწყვეტ ფინანსურ მონიტორინგს ითვალისწინებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების რეესტრის შექმნას და მათთვის უწყვეტ ფინანსურ მონიტორინგს ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

როგორც მედია წერს, ამ კანონის მიღება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პირობაა.

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ კანონი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირების ფინანსური მონიტორინგის გაძლიერების შესახებ მეორე მოსმენით 17 ოქტომბერს მიიღო, რასაც ხმა 276-მა დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებად განიხილებიან როგორც ეროვნული, ისე უცხოელი საჯარო მოხელეები, ასევე პირები, რომლებიც ასრულებენ საჯარო ფუნქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი ახლო ნათესავები.

უკრაინაში პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებს შორის არიან მაღალი სამთავრობო თანამდებობების მქონე პირები, როგორებიცაა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და მათი მოადგილეები, სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი ორგანოების, იუსტიციის, თავდაცვის ხელმძღვანელობა და ა.შ.

კანონი ითვალისწინებს პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირთა რეესტრის შექმნას და მათთვის უწყვეტ ფინანსურ მონიტორინგს, ნაცვლად სამი წლის განმავლობაში მონიტორინგისა, როგორც ეს 2008 წლის დასაწყისიდან იყო.

სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, ეს არის ბოლო ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.