ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს მიმართა - შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ყოველდღე იღებთ მონაცემებს მსხვერპლის, მათ შორის ბავშვების და ქალების შესახებ? 97 ბავშვია დაღუპული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?
ჯასტინ, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ყოველდღე იღებთ მონაცემებს მსხვერპლის შესახებ, მათ შორის ბავშვების და ქალების? ამ დროისთვის 97 ბავშვია დაღუპული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს.
უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პარლამენტს, მთავრობას და კანადაში უკრაინის დიასპორას ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მიმართა.
„რა თქმა უნდა, ამას არავის ვუსურვებ, მაგრამ ეს დღეს ჩვენი რეალობაა. მინდა, განცალკევებით მივმართო უკრაინულ დიასპორას, კანადაში მყოფ უკრაინელებს. სწორედ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თქვენ კი თქვენი მხრივ უნდა დაამტკიცოთ, რომ უკრაინის ისტორიის ნაწილი ხართ, ცოცხალი ისტორიის. დაიმახსოვრეთ ეს – ცოცხალი, რადგან ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ვისწრაფვით სიმშვიდისკენ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ყველას, აქ, პარლამენტში მყოფებს უკრაინელი ხალხის სახელით. დარწმუნებული ვარ, ერთად და მხოლოდ ერთად ყველა მტერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიტყვით გამოსვლის დასრულებისას კანადელმა დეპუტატებმა უკრაინის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს.