ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს მიმართა - თქვენი მოქმედი ფორმატი თუ უალტერნატივოა და გამოსავალი არ არსებობს, მაშინ წინ მხოლოდ თვითდათხოვნაა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სისტემის რეფორმისკენ მოუწოდა, რათა რუსეთს ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
„თუ ეს გაგრძელდება, ფინალი იქნება ის, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეეძლება დაეყრდნოს მხოლოდ იარაღის ძალას, თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არა საერთაშორისო კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს. გაერო შეიძლება დაიხუროს“, – განაცხადა ზელენსკიმა.
მისივე თქმით, თუ გაერო დახურვისთვის მზად არ არის, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ.
„ჩვენ გვჭირდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ თქვენ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ: ან ჩამოაშოროთ რუსეთი, როგორც აგრესორი და ომის წყარო, მისივე აგრესიის, მისივე ომის შესახებ გადაწყვეტილებების დაბლოკვას და გააკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, მშვიდობის დასამყარებლად. ან გვაჩვენეთ, როგორ შეიძლება გადაფორმატება და რეალურად მუშაობა მშვიდობისთვის. თუ თქვენი მოქმედი ფორმატი უალტერნატივოა და გამოსავალი არ არსებობს, მაშინ წინ მხოლოდ თვითდათხოვნაა. დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ამ მესამე ვარიანტის გარეშეც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.