ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე იმოქმედებს.

„ბრიტანეთთან ასეთი გარანტიები 1991 წელს რომ ყოფილიყო მიღწეული, ომი არ დაიწყებოდა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ეს ხელშეკრულება გულისხმობს ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უკრაინასა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებული ჩარჩოდოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

ამასთან, რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს 2,5 მილიარდ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც გასული წლის დახმარებაზე მეტია.

„ეს აჩვენებს აქ არსებული სიტუაციის სერიოზულობას და ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. მინდა, გავუგზავნო მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი უკრაინელ ხალხს, ასევე გზავნილი, რომ ვლადიმირ პუტინმა უნდა იცოდეს, ჩვენ არსად წავალთ. მე აქ ვარ ერთი მკაფიო გზავნილით: გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.