ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა ე.წ. საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე ისაუბრეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა ბრიტანეთში შეხვედრისას ე.წ. საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ლიდერებმა კიევისთვის დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პერსპექტივაც განიხილეს.
„ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში თქვენ მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნველოვან გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ცოტა კიდევ უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას მალე შეეძლება, რომ უკრაინელი პილოტები დასავლური გამანადგურებლების გამოყენებაში მოამზადოს, თუმცა ამ თვითმფრინავების მიწოდების საკითხი რთული ამოცანაა.
„ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი, რომლებიც მხარს უჭერენ ვოლოდიმირსა და უკრაინას. როგორც მე და ვოლოდიმირმა ვისაუბრეთ, გამანადგურებლების პოტენციალის გაზრდა მარტივი ამოცანა არ არის. ეს არ არის მხოლოდ თვითმფრინავების მიწოდების საკითხი, ეს ასევე პილოტებისა და სრული ლოგისტიკის მომზადებას ეხება, რაც მას თან ახლავს, და დიდ ბრიტანეთს ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რომში, ბერლინსა და პარიზში ვიზიტის შემდეგ ახლა დიდ ბრიტანეთს სტუმრობს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას ასობით ახალ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, ასევე რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთი ეცდება სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკრაინისთვის „F-16“ ტიპის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე.