უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკავშირის ლიდერებმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ბრიუსელში გაიმართა.
ზელენსკისთან ერთად დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაინმა.
დოკუმენტის სახელწოდებაა ევროკავშირსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები.
„როიტერის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის შეიარაღების მიწოდების, სამხედრო წვრთნის, თავდაცვით სამრეწველო თანამშრომლობის და განაღმვის სფეროებში.
ევროკავშირის გარდა, ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების შეთანხმებებს ესტონეთსა და ლიეტუვასთან.