ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერმა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერაზე ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია კიევში გაიმართა.
„მადლობას ვუხდი ბელგიას, ბატონ პრემიერ-მინისტრს დღეს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციისთვის. ეს დოკუმენტი ადასტურებს ბელგიის მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერას. აუცილებლად მივაღწევთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ორმხრივი შეხვედრის დროს ზელენსკიმ და დე კროომ ასევე განიხილეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხები.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ ბელგია არის ლიდერი გაყინული რუსული აქტივების მოცულობის მიხედვით — 50 მილიარდი ევროზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ ტერორისტი სახელმწიფოს აქტივები მიმართული იყოს მისი ტერორით გამოწვეული ზარალის კომპენსაციისკენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, ბელგია შეუერთდა უკრაინის მარცვლეულის ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავდით, გახდა ჩვენი ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“. ბელგიამ მას პირველმა დაუჭირა მხარი, შეუერთდა დაფინანსების გამოყოფით სწორედ იმ ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული სურსათის მიწოდებას, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რომლებიც შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიც არის შიმშილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ბელგიის პრემიერმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მისი თქმით, ბელგია ხედავს, რომ უკრაინული არმია ბრძოლის ველზე აიძულებს რუსეთის ძალებს, უკან დაიხიონ, რუსეთი კი, საპასუხოდ, ანადგურებს უკრაინის მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ აქ ვართ, მხარს ვუჭერთ უკრაინას რთულ პერიოდში. ეს ზამთარი შესაძლოა, მძიმე იყოს. ჩვენ გაწვდით გენერატორებს, ვეხმარებით სკოლებსა და საავადმყოფოებს. ვიმედოვნებთ, ამ რთულ დროს თქვენ იმედსა და სიმტკიცეს შეგმატებთ“, – განაცხადა დე კროომ.