ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში
ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში ეხმარებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის საკითხს შეეხო.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთი სურსათის ფასებს იარაღად იყენებს.
„მაშინ, როდესაც რუსეთმა ჩაშალა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“, ჩვენ ვმუშაობთ სასურსათო სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ვიმედოვნებ, რომ მრავალი თქვენგანი შეუერთდება ამ ძალისხმევას. ჩვენ ავამოქმედეთ დროებითი საზღვაო საექსპორტო დერეფანი ჩვენი პორტებიდან. ვმუშაობთ მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო მარშრუტების შენარჩუნებაზე. და საგანგაშოა ხილვა, როგორ თამაშობს სოლიდარობას პოლიტიკურ თეატრში ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს. შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ ისინი თავიანთ როლს ასრულებენ, თუმცა სინამდვილეში ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ გაერო-ს ტრიბუნიდან.
უკრაინის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია პოლონეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე, რომლებსაც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე ემბარგო აქვთ დაწესებული.